უკან დაბრუნება

იტვირთება

გოზაური
გოზაური უძველესი დიდი ზომის (5,8-7ლ) საღვინე თიხის ჭურჭელია. ტერმინი გოზაური XVIII საუკუნეში გავრცელებული იყო მთელ საქართველოში. მისი დამზადების კერად აღიარებულია კახეთი. ვარაუდობენ, რომ ტერმინი „გოზაური“ უკავშირდება ჭურჭლის გოზვა-შელესვას საღებავით, ჭიქურით. გოზაურს აქვს სწორი, მაღალი ყელი, მრგვალი, იშვიათად ძირისკენ შევიწროებული მუცელი, უტუჩო პირი და ბრტყელი ყური. ხშირად შემკულია რელიეფური ორნამენტით (ცხოველების ან ფრინველების გამოსახულებები, გეომეტრიული და მცენარეული მოტივები). ზოგ გოზაურზე გამოსახული ქალის ფიგურა ნაყოფიერების ძველ ქართულ ღვთაებასთან უნდა იყოს დაკავშირებული. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაცულია გოზაურების (მ. შ. განათხარი გოზაურების) მდიდარი კოლექცია. გოზაურის სხვადასხვა ვარიანტი დაცულია ასევე ბაზელის, სანკტ-პეტერბურგის, ბაქოს, ერევნისა და დაღესტნის მუზეუმებში. გოზაურმა, როგორც ორიგინალურმა და საინტერესო ჭურჭელმა, ჯერ კიდევ ადრეულ ხანაში მიიპყრო როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მეცნიერთა ყურადღება.
უკან დაბრუნება